თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა "ისლამური სახელმწიფოსგან" თურქეთის მიერ ნავთობის შესყიდვაში დადანაშაულებას ცილისწამება უწოდა და განაცხადა, რომ დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას, თუ დამტკიცდება მისი ტერორისტებთან თანამშრომლობა.
არავის აქვს უფლება ცილი დასწამოს თურქეთს, თითქოს ის ნავთობს დაიშისგან ყიდულობს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ყატარის დედაქალაქში სიტყით გამოსვლისას.
"თურქეთს ჯერ იმდენად არ დაუკარგავს მორალური ფასეულობები, რომ ტერორისტული ორგანიზაციისგან ნავთობის შეძენის უფლება მისცეს თავს", – განაცხადა ერდოღანმა.
ამავე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც ასახავენ, თუ როგორ მიემართებიან დაიშის საწვავმზიდები სირიისა და თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ნავთობის გადასამუშავებლად, ასევე გამოაქვეყნა მონაცემები ნედლეულის კონტრაბანდული მოპოვების ინფრასტრუქტურის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის ეროვნული ცენტრის სამმართველოს მეთაურმა გენერალ–ლეიტენანტმა მიხეილ მიზინცევმა ასევე გაავრცელა ინფორაცია, რომ მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიიდან ტერორისტების 2 ათასიანი დანაყოფი, ასევე 12ო ტინაზე მეტი საბრძოლო მასალა და 250 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების საავტომობილო ტექნიკა გავიდა.