თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან ქართულ-აზერბაიჯანული ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ხუთშაბათს, 3 დეკემბერს.
ქართული მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე რომან ჯოხაძე და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე.
„შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებას. რა თქმა უნდა, როდესაც შენ პრეზიდენტის, პრემიერის მხარდაჭერა გაქვს, გაცილებით მარტივია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება საუწყებო დონეზე“, — განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ორკვირიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ ეწვია, სადაც ხიდაშელმა შეხვედრები კანადაში, აშშ-სა და გერმანიაში გამართა. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი პირის რიგი შეხვედრები ბრიუსელშიც შედგა.
რაც შეეხება ბაქოს, აზერბაიჯანის დედაქალაქში თინათინ ხიდაშელი ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავდაცვის მინისტრ ზაქირ გასანოვს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრი ბაქოში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს „ფაჰრი ჰიაბანის“ ეწვია და აზერბაიჯანის ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.