თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ყაზბეგის რაიონის სოფელ ფანშეტში შპს „ჯანმრთელობის წყალი+“ მინერალური და მტკნარი წყლის ჩამოსასხმელ საწარმოს ააშენებს, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
კომპანიას „ჯანმრთელობის წყალი+“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად — ერთ ლარად 54 838 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.
კომპანია საწარმოს შესაქმნელად 400 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
საწარმოში, რომლის დეკლარირებული სიმძლავრე წელიწადში 10 მლნ ლიტრ წყალს შეადგენს, მშენებლობის დასრულების შემდეგ 20 ადამიანი დასაქმდება.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, დაფინანსებულია 123 პროექტი და ქართული წარმოების განვითარებაში დაახლოებით 350 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული.
„აწარმოე საქართველოში“ — ეს სამთავრობო პროგრამაა, რომელიც ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენაა მიმართული. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც ახალი საწარმოების გახსნას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას მოიაზრებს.