თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი საქართველოში კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის ბენეფიციარები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ და „აღსრულების ეროვნული ბიურო“ არიან, იტყობინება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ორწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა და მას „GIZ“-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ ახორციელებს.
პროექტის პრეზენტაცია 2 დეკემბერს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და აღსრულების ბიუროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
დღემდე იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან, ძირითადად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის კუთხით თანამშრომლობდა. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი თანამშრომლობის სფერო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმებსაც მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სიცხადისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. ცვლილებები განხორციელდება სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონკურენციის, გადახდისუუნარობის, სააღსრულებო, საკორპორაციო, შრომისა და საკუთრების სამართალი, აგრეთვე − ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.