თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიწყება, რომელიც 9-10 დეკემბერს ჩინეთში გაიმართება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომისიის სხდომის მსვლელობისას განიხილება ჩინეთიდან საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების ტრანსპორტირების საკითხი, აღნიშნა მინისტრმა.
ქუმსიშვილის განმარტებით, საქართველოს სატრანსპორტო ბაზარზე ლოჯისტიკური კომპანიის საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით, 15-16 ოქტომბერს საქართველოში პირველად ჩატარდა აბრეშუმის გზის ფორუმი. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმაა „ახალი აბრეშუმის გზის“ მონაწილე ქვეყნებისათვის, რათა ერთობლივად განხორციელდეს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები.
„ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის სრულ რეალიზაციას და დამატებითი ტვირთების ნაკადის მოზიდვას“, — აღნიშნა მინისტრმა.