თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. „ჩვენი მიზანია ნატო-ს წევრობა, ალიანსის გადასაწყვეტია რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას. ჩვენ დღეს გაგვაჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამისთვის, მათ შორის ნატო-ს სამხედრო ძალებთან თავსებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც იგი მონაწილეობს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში.
მისი შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე იყოს თანმიმდევრული, რადგან ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ პერიოდისთვის, როცა ეს შესაძლებელი გახდება. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაველოდოთ იმ დროს როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნატო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, საქართველო კი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს რათა შეიძინოს ის ინსტრუმენტები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში. ვფიქრობ, რომ უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი სახეზე, ამას ხაზს უსვამენ ჩვენი პარტნიორები და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი 2015 წლის 1-2 დეკემბერს ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც სიტყვით გამოვა. ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.