თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ზედმეტი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, — განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
„ეს არის ნატოს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციაც, რომ მოსახლეობა წინასწარ არ შევიყვანოთ შეცდომაში, ან ერთმანეთს არ შევუქმნათ მოლოდინები, იმედები და შემდეგ არ გავუმტყუნოთ. საჭიროა, მშვიდად მივყვეთ პროცესებს, რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი, ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ, არ გვაქვს არავითარი ჩამორჩენა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მიჰყვება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის 2014 წელს მიღებულ გეგმას, მაგრამ არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც მის ძალებს აღემატება.
„დღეს მსოფლიო განსხვავებულია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წელს. ყველა რეალური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და არ მოვატყუოთ ერთმანეთი. ჩვენ სრულად მივყვებით დასახულ გეგმას, მაგრამ რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ვერ გავაკეთებთ. რაც არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების, თავად ნატოს გადასაწყვეტი, ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, ამ საკითხზე არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების შექმნა. ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ პროცესს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ, ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.