თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გურიაში დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „დაიშთან“ შესაძლო თანამშრომლობას იძიებენ, — განაცხადა სამშაბათს, 1 დეკემბერს უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 29 ნოემბერს სოფელ ნასაკირალში ტერორისტულ ორგანიზაცია „დაიშთან“ თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს. მათი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარები, პისტოლეტები, საბრძოლო პატრონები, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები.
„დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისა და ტერორისტულ საქმიანობაში მათი დახმარების ფაქტების დასადგენად გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისის ექსპერტიზები“, — განაცხადა იზორიამ.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სსკ–ის მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება“.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აწარმოებს სსკ–ის მუხლით „დაქირავებული პირის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ ქმედებებში“, რაც 4–დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.