თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, რაც ქვეყანაში სტაბილურობაზე მეტყველებს, — განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა (Johannes Hahn) დღეს, 27 ნოემბერს.
2015 წლის აპრილ–ივნისში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 355 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 81%–ით მეტია გასული წლის ანალოგიოური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე და 103%–ით მეტი 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე.
„ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ფულს სტაბილურობა სჭირდება და თუ ინვესტიციები იზრდება — ეს საუკეთესო მაჩვენებელია სტაბილურობისა“, — თქვა იოჰანეს ჰანმა პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
2015 წლის პირველი ნახევრის წინასწარი ჯამური მონაცემები 530 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 5%–ით მეტის გასული წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე (505 მლნ დოლარი).
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი–ივნისი) ყველაზე დიდი ინვესტიციები ტრანსპორტისა და კავშირის სფეროებში ჩაიდო — 207 მლნ დოლარი, რაც 61 მლნ დოლარით მეტია 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე, და 94 მლნ დოლარით მეტი 2014 წლის მეორე კვარტალზე.