თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, EBRD-ში საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები 2014 წელს, პრაქტიკულად, გაორმაგდა და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა. მთლიანობაში გასული 23 წლის განმავლობაში ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით ინვესტორთა საბჭოს შექმნის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს არის ბიზნესის მხარდაჭერის კიდევ ერთი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილონ ის გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე აქვს კერძო სექტორს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ბანკი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში აფინანსებს.