თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოებაში მათი როლის გაძლიერებაა საჭირო, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს, 25 ნოემბერს გამოქვეყნდა.
გაერომ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
„ქალთა მდგომარეობაზე ზრუნვა, მათი როლის წინ წამოწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა ჩემი მუდმივი ძალისხმევის საგანია. სწორედ ეს მიმაჩნია ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაში შემაშფოთებელი მასშტაბით გამოვლენილი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიან გზად“, — აღნიშნულია მარგველაშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2015 წელი მან ქალთა წლად გამოაცხადა, რათა მოქალაქეებმა ამ პრობლემას უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.
"დღეს ჩვენ ხმას ვუერთებთ მსოფლიოს სხვა ხალხების ძალისხმევას, რათა ერთად გავაცნობიეროთ ძალადობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა მიზეზები… ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმ პრობლემის დასამარცხებლად, რომელიც ერთნაირად შეურაცხყოფს როგორც უზენაეს საკაცობრიო ფასეულობებს, ასევე ჩვენი ქვეყნის წარსულსა და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის თანამედროვეობასა და მომავალს“, — აღნიშნა მარგველაშვილმა
25 ნოემბერი დები მირაბალების ხსოვნის საპატივცემულოდ შეირჩა. ისინი პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ. 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკის დიქტატორ რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით დები მთელი სისასტიკით მოკლეს. სამი და — მინერვა, პატრია და მარია ტერეზა მირაბალები იატაკქვეშა საზოგადოება „14 ივნისის რევოლუციური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, რომელსაც მინერვას მეუღლე მანოლო ტავარეს ხუსტო ხელმძღვანელობდა.