თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ახალი მინისტრი ბერათ ალბაირაქი, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების პერსპექტივას ენერგეტიკულ სფეროში პესიმისტურად არ უყურებს.
რუსული თვითმფრინავი სუ-24 სირიაში სამშაბათს ჩამოვარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ჰაერში, თურქეთის ტერიტორიიდან 1 კილომეტრში, ექვსიათას მეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც მასზე იერიში მიიტანეს. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სუ-24-ს თურქეთის საზღვრები არ გადაუკვეთია და ამას სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მონაცემები ადასტურებს. თურქეთი ირწმუნება, რომ რუსული თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.
„ასეთ მძაფრ ვითარებაში, როდესაც სრული ინფორმაცია არ გვაქვს, არასწორი იქნებოდა მკვეთრი განცხადებების გაკეთება. თურქეთს რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს არა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში, არამედ ეკონომიკის მრავალ სხვა სექტორშიც. ჩვენ ურთიერთობებს ენერგეტიკის სფეროში პესიმისტურად არ ვუყურებ“, — განაცხადა ალბაირაქმა.
მან დასძინა, რომ მიუხედავად ზამთრის სიცივის მოახლოებისა, თურქეთის მოსახლეობას შეშფოთების მიზეზი არა აქვს.