თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის ემზადება. წვრთნები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მიმდინარეობს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური სამშაბათს, 24 ნოემბერს.
ქართველი სამხედროები 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ არა საბრძოლო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ — ავღანეთის სახელისუფლებო ძალებისათვის სწავლებისა და დახმარების გაწევის მიზნით. საქართველო მეოთხე ქვეყანაა, რომელიც არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრს და მიუერთდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს.
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონს ქართველი ინსტრუქტორები ამზადებენ. წვრთნების მიმდინარეობას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები აკვირდებიან.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მომზადების პროგრამის მონაწილემ კაპიტანმა ფილიპ კვანმა მაღალი შეფასება მისცა ქართველი სამხედროების მოტივაციასა და დისციპლინას.
„მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ვმუშაობ და მონაწილე ვარ ჩვენი ქვეყნების პარტნიორული პროცესების. სწავლების მიზანი ქართული ქვედანაყოფის მომზადებაა ავღანეთში მისია „მტკიცე მხარდაჭერისათვის“, — განაცხადა კვანმა.
სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებული 6-თვიანი სწავლებები ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადებით იწყება და, ეტაპობრივად, ჯერ ათეულის, შემდეგ ოცეულის, ასეულის და ბოლოს ბატალიონის შემადგენლობით განხორციელებული წვრთნებით სრულდება.
52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ინდივიდუალური მომზადების პროგრამა უკვე გაიარეს, რა დროსაც საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება ინდივიდუალურად შეისწავლეს, შეითვისეს სამხედრო ტოპოგრაფია, სწრაფი და მუდმივი საგუშაგოების მოწყობა და ჩხრეკის პრინციპები.
6-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ ქართველი ჯარისკაცების მომზადების ხარისხი შეფასდება. ქვედანაყოფი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩართვამდე, დასკვნითი სწავლებისთვის, გერმანიაში გაიგზავნება.