თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების II ქვეითმა ოცეულმა ავღანეთის „ანჰენის“ ბაზაზე ავღანელი სამხედროები წყლითა და საწვავით მოამარაგა, — იუწყება პარასკევს, 20 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ქართველი გვარდიელები ადგილობრივი მოსახლეობის პრებლემებისა და უსაფრთხოების საკითხების გაცნობის მიზნით ავღანელ სამხედროებს გაესაუბრნენ. სწრაფი რეაგირების ოცეული ლოგისტიკურ ღონისძიებებს ყოველდღიურად ატარებს.
„შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების II ქვეითი ოცეული ბაგრამის საავიაციო ბაზის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა. „ანჰენის“ ბაზაზე ძალის დემონსტრირების მიზნით ოპერაცია ჩატარდა. ოპერაცია ჯავშანმანქანებით შემოვლასა და ავღანური საკონტროლო–გამშვები პუნქტების წყლითა და საწვავით მომარაგებას ითვალისწინებდა. ოცეულმა დავალებას წარმატებით გაართვა თავი“, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა სერჟანტმა პაატა ფოჩხუამ.
ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების II ქვეითი ოცეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოქტომბრიდან ჩაერთო. ქართული ოცეულის მთავარ ამოცანას შემთხვევის ადგილზე სწრაფი რეაგირება და ოპერაციის რაიონში საკონტროლო გამშვები პუნქტების ლოგისტიკური მომარაგება წარმოადგენს.
ქართველი ჯარისკაცები ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute support) არასაომარ მისიაში, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს, 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ. საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ, ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.