თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. პროკურატურის მოთხოვნით, ტერორიზმში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი 13 იანვრამდე პატიმრობაში დარჩება. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 24 ნოემბერს გამოიტანა, — იუწყება ქართული მედია.
ბორჩაშვილი, რომელიც სტამბოლიდან თბილისში 21 ნოემბერს ჩამოვიდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ ის უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცავებმა კი დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი კვლავ საქართველოში დააბრუნეს, რის შემდეგ ის დააკავეს.
„ჩვენი მხრიდან მოთხოვნილ იქნა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, საფუძვლები ამისი ის გვქონდა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლა. სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული მითითებული არგუმენტები“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პროკურორმა ნანა ხუნჯუამ.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და უარყოფს ბორჩაშვილის თანამშრომლობას „ისლამურ სახელმწიფოსთან“.
ბორჩაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირწმუნება, რომ როდესაც ის სირიაში იმყოფებოდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ერაყში იყვნენ.
„ის ამბობს, რომ როდესაც სირიაში იმყოფებოდა, საერთოდ არ იყო ისლამური სახელმწიფო იქ, არამედ ისინი იყვნენ ერაყში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრობს, რომ ერაყში საერთოდ არ ყოფილა", — განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილის სიტყვებს ოფიციალური ინფორმაციით დაადასტურებს.
ბორჩაშვილის ოჯახის ცნობით, წლინახევრის წინ ახალგაზრდა მამაკაცი სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი არ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა ბორჩაშვილი სირიაში თუ არა.
ამჟამად დავით ბორჩაშვილი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, საავადმყოფოში იმყოფება. მას ოპერაციას გაუკეთებენ, ამის შემდეგ კი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.