თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერიუში განაცხადა, რომ შეიძლება თურქეთისა და ჩინეთის ტვირთის განბაჟება აღარ მოხდეს, რადგანაც „შეუძლებელია მათთვის რეალური დეკლარაციის პოვნა“.
„გვსურს მხოლოდ ევროკავშირის, ამერიკის, აიპონიის, კანადისა და ავსტრალიის ტვირთები განვაბაჟოთ, რადგანაც მათი წარმომავლობა და დეკლარაციაში მითითებული ღირებულება 100%-ით დადასტურებულია“, — განაცხადა სააკაშვილმა. „დაე, ისინი სხვა საბაჟოებმა გააფორმონ, რადგანაც ეს კორუფციის პოტენციური წყაროა. 2016 წლის 1 მარტს როდესაც ჩაეშვება განბაჟების ელექტრონული სისტემა, მაშინ ყველა ტვირთის განბაჟება მოხდება“, — დასძინა მან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბაჟო სისტემის განახლების ფარგლებში, მზადდება საბაჟო დეკლარაციის შევსების გამარტივებული ფორმა, რათა იგი ნებისმიემა ადამიანმა უმოკლეს დროში შეძლოს და ტვირთი დაახლოებით 15 წუთში განაბაჟოს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია საბაჟო ბროკერების ლიკვიდაციისა და მათი ფუნქციების მებაჟეებისათვის გადაცემის შესახებ კანონის მიღება.
„კონტრაბანდა, როგორც ჩანს, არ გადაკეტილა, თუმცა იგი მთლიანობაში, ოდესის საბაჟოზე აღარ არის. დღეს, ყველა მსგავსი ტვირთი სხვა, ძირითადად, კიეის საბაჟოზე გადანაწილდა, სადაც განბაჟება შედარებით დაბალ ფასებში ხდება“, — აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი აზრით, რეგიონალური საბაჟო სამსახურის მუშაობის ცვლილებისათვის აუცილებელია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ცენტრალურ ოფისთან იქნება შეთანხმებული.