თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ვეტერანთა შორის 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული გამარჯვება ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელმაც 65 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატი იტალიის ქალაქ აკვი-ტერმაში გაიმართა.
„ვულოცავ ქალბატონ ნონას და მთელ საქართველოს!“, — წერს პრემიერი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე სამშაბათს, 24 ნოემბერს.
ჩატარებულ ცხრა ტურში გაფრინდაშვილმა შვიდი ქულა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო თანამემამულე თამარ ხმიადაშვილს, რომელიც ჩემპიონატის მეორე ადგილზე გავიდა.
ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია. მოჭადრაკე ამ ტიტულს 1962-1978 წლების პერიოდში ინარჩუნებდა. ქართველი სახელოვანი სპორტსმენი ასევე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონია. 1982 წელს ნონა გაფრინდაშვილი „ჭადრაკის ოსკარის“ პირველი მფლობელი გახდა.