თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. სახელგანთქმული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან გაიმარჯვა +65 ასაკობრივი კატეგორიის ტურნირში რომელიც იტალიის ქალაქ აკვი-ტერმეში გაიმართა.
ცხრა გამართულ ტურში ნონა გაფრინდაშვილმა შვიდი ქულა ააგროვა და ნახევარი ქულით აჯობა თანამემამულეს თამარ ხმიადაშვილს, რომელიც სედეგად მეორე ადგილზე გავიდა.
ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.