თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ნატო ელჩების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომას სამშაბათს იწვევს, რაც სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან არის დაკავშირებული, — განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ალიანსის წარმომადგენელმა.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომა, თურქეთის მოთხოვნით, 17:00 საათზე დაიწყება“, — განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ „ამ დროისთვის პრესისთვის არანაირი ღონისძიება გათვალისწინებული არ არის“.
რუსული სუ–24 სირიაში ჩამოვარდა. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სუ–24 მხოლოდ სირიის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, რაც ობიექტურმა საკონტროლო საშუალებებმა დააფიქსირა.