თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების გავრცელებაზე მედიას პასუხისმგებლობა ეკისრება, — ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს ქარტიაში.
გუშინ ქართულ ინტერნეტმედიაში გამოქვეყნდა ვიდეო სახელწოდებით „ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება“. ვიდეოჩანაწერში ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან ერთი ქართულ ენაზე უთვლის მუქარას საქართველოს ქრისტიანებსა და მუსლიმებს.
„საზოგადოებას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მოსალოდნელი ძალადობისა თუ სხვა საფრთხის შესახებ, თუმცა მედიასაშუალებებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინფორმაცია გაავრცელონ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით, რათა თავიდან იყოს აცილებული შიშისა და პანიკის გავრცელება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტთა ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ ტერორისტების მიმართვები პირვანდელი სახით და ამით ხელი არ შეუწყონ მსგავსი ვიდეოების ტირაჟირებას. იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მსგავსი თემები, ქარტიის საბჭო აუცილებელი პარამეტრების დაცვის რეკომენდაციებს იძლევა. მათი აზრით, უნდა გამოქვეყნდეს:
• ტერორისტთა მიმართვის შემოკლებული ვერსია
• მიმართვის ტექსტის რედაქტირებული და არა ორიგინალური ვარიანტი
• პუბლიკაციას არ უნდა ახლდეს თავდაპირველი საიტის ბმული
მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ინტერნეტით გავრცელებულ, საქართველოს მიმართ მუქარის შემცველ ვიდეოებთან დაკავშირებით, უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ხოლო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა მოუწოდა მედიას, თავი შეიკავონ ინტერნეტსივრცეში მსგავსი ვიდეოების ტირაჟირებისგან.