თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. უკრაინაში 21–26 ნოემბერს ახალი ქართული კინოს ფესტივალი ტარდება, — იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ახალი ქართული კინოს XI ფესტივალი სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიასა“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ორგანიზებით ტარდება. მხარდამჭერები არიან: უკრაინის კულტურის სამინისტრო, საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს კინოცენტრი.
„უკრაინელ მაყურებელს უჩვენებენ ცნობილი ქართველი კინორეჟისორების სურათებს, რომლებიც საერთაშორისო პრესტიჟული პრემიებით არაერთხელ აღინიშნა. სულ ფესტივალზე მაყურებელი სხვადასხვა ჟანრის შვიდი ფილმის ნახვას შეძლებს — დრამიდან და დოკუმენტურ–ბიოგრაფიულ ფილმებიდან, კომედიასა და მელოდრამამდე“, — აღნიშნულია უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ვებგვერდზე.
კერძოდ, კინოფესტივალის ფარგლებში, აჩვენებენ ისეთ სურათებს, როგორებიცაა ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით“, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“, გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“, ასევე ლეგენდარულ ფირებს განახლებული ფორმატით — „ვერის უბნის მელოდიები“ და „მაგდანას ლურჯა“.
ფესტივალი საზეიმო ვითარებაში კინოთეატრ „კიევში“რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმით “კრედიტის ლიმიტით“ გაიხსნა.
კინოფესტივალის გახსნას უკრაინის ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი ვიაჩესლავ კირილენკო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინის ხელისუფლებისა და კიევის ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე ქართველი და უკრაინელი მსახიობები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.
ქართული კინოს მოყვარულთა უამრავი თხოვნის გათვალისწინებით, ფესტივალი უკრაინის სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. ლვოვში, როვნოში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ხერსონში ზემოთ ჩამოთვლილი ფილმები იქნება ნაჩვენები.