სიმფეროპოლის საფარი–პარკში, „ტაიგანში“ ელექტროენერგიის გათიშვის გამო გაყინვის საფრთხე შეექმნათ ლომებისა და ვეფხვების ბოკვერებს. იხილეთ ვიდეო, როგორ ათბობდნენ პარკის თანამშრომლები მათ პლედებით.
გაყინვით დაღუპვის საფრთხის წინაშე დადგა სიმფეროპოლის საფარი–პარკის, „ტაიგანის“ ბინადარი ბევრი ტროპიკული ცხოველი. დირექტორ ოლეგ ზუბკოვის თქმით, თუ პარკის ელექტრომომარაგება არ აღდგება, უახლოეს დღეებში ცხოველები დაიღუპებიან.
„ჩვენთვის ეს სასიკვდილოა. დანაკარგები უკვე რამდენიმე დღეში გვექნება, თუ გენერატორების ჩართვასა და ტროპიკული ცხოველების გათბობას ვერ მოვახერხებთ“, — თქვა მან.
ზუბკოვმა განმარტა, რომ საფარი–პარკის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეიძინა ჩინეთში გენერატორები, მაგრამ ისინი ჯერაც საბაჟოზეა გაჩერებული.
ლომებისა და ვეფხვების გარდა, სიცივე შესაძლოა დააზიანოს ნიანგები და ტროპიკული თევზებიც.
20 ნოემბერს ხერსონის ოლქში ყირიმისა და უკრაინის სამხრეთის ელექტრომომმარაგებელი გადამცემი ხაზების საყრდენები ააფეთქეს. ამის შედეგად პრაქტიკულად მთელი ნახევარკუნძული ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ავარიის ადგილზე „უკრენერგოს“ საავარიო ბრიგადები გამოცხადდნენ, მაგრამ აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ყირიმის ბლოკადის აქტივისტები უშლიან ხელს — ისინი ყირიმის ელექტროენერგიით სრულფასოვნად მომარაგების წინააღმდეგნი არიან.