თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. შემდეგი მოწვევის პარლამენტში ორზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი იქნება და ვერც ერთი მათგანი უმრავლესობით ვერ მოვა, თვლის „დამოუკიდებელ ექპსერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი
„იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება, ვრწმუნდებით რომ ამომრჩევლებს არ სურთ მომავალ პარლამენტშიც ისეთივე კონფიგურაცია იყოს, როგორც დღეს. ხოლო მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საერთო ჯამში ალბათ ხმების 25%– 30% თუ აიღებენ“–მიაჩნია სოსო ცისკარიშვილს
ექსპერტს უძნელდება იმის თქმა თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტები გადაინაწილებენ ამომრჩეველთა ხმების დანარჩენ 70%.
„ველოდები კოალიციებს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ უკვე პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად“–აღნიშნა ცისკარიშვილმა
რაც შეეხება პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ ლიდერებს, ცისკარიშვილის აზრით პოლიტიკაში ყველაზე უმწიკვლო ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე იქნება, თუ რა თქმა უნდა ის საბოლოოდ დარწმუნდება, რომ თავისი ძალიან წარმატებული კარიერა საოპერო სცენაზე უნდა დაასრულოს.
„არ არის მარტივი, როდესაც ადამიანი ათწლეულების განმავლობაში შეჩვეულია მის მიმართ მხოლოდ ტაშს და ოვაციებს. პოლიტიკაში მას გავრცელებული ტყუილის ატანაც მოუწევს. ხელოვანი ადამიანი ბევრად უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე კომკავშირში გამოზრდილი პოლიტიკოსი.“ –აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსს ყველაზე ძლიერი ნერვული სისტემა უნდა გააჩნდეს.
„თუ მოახერხებს პაატა ბურჭულაძე მოიძიოს თავის გუნდში ისეთი ადამიანები, რომლებიც უახლოეს მომავალში მისივე შემარცხვენელნი არ იქნებიან, მაშინ აზრი ექნება მის პოლიტიკურ აქტივობას“– განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტი ფიქრობს, რომ პაატა ბურჭულაძე თავადაც ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ პოლიტიკაში მოსვლით სწორ ნაბიჯს დგამს.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი თავისი ნიჭით და ქველმოქმედებით უნდა იმსახურებდეს სიმპატიას, და წარმატებასაც მიაღწევს, თუ თავის პოლიტიკურ საქმიანობას ძალიან თვალშისაცემი შეცდომებით არ დაიწყებს“–განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა..
ცნობილმა საოპერო მომღერალმა და მეცენატმა პაატა ბურჭულაძემ არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს.
გასულ კვირას ბურჭულაძემ ახალი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდის“ დაარსების თაობაზე განაცხადა. კიდევ უფრო ადრე ის ამბობდა, რომ არ გამორიცხავს პოლიტიკაში მოსვლას იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანას დასჭირდება და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევაც ექნება.
„არასდროს მიფიქრია, ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ ასე ამიძულა, უფრო სწორად, მომცა ამის შანსი და მე გამოვიყენე. არასდროს მინდოდა, ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები, რომ გავხდი ქველმოქმედი. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, თუ კიდევ რამე მოხდება, მე არ უარვყოფ, არც კის გეუბნებით, არც არას. თუ ცხოვრება მაჩვენებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, — თქვა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე გამოტყდა, რომ ახალი ფონდის განვითარების მიზნით, მომავალი წლისთვის ყველა კონტრაქტზე უარი თქვა.
ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძე — საქართველოს განვითარების ფონდი“. თავად მომღერალი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელია. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი.
ფონდის თანადამაარსებლები არიან ბიზნესმენები: ირაკლი გერჩიანი და ზურაბ ტყეშელაშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს განვითრების ფონდის“ პრეზენტაცია 2015 წლის დეკემბერში გაიმართება. ქართული მედია არ გამორიცხავს, რომ ფონდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიად გარდაიქმნას.