თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროში 20 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორი კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეული პოზიტიური შედეგები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იტყობინება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმება მიღწეულია მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით, აგრეთვე ისაუბრეს ამ კუთხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა მომავალ წელსაც გააგრძელებს სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას, აგრეთვე განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას.
მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქართულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს ისეთი სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკის განვითარებას.
2014 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 100 მლნ SDR-ის (ნასესხობის სპეციალური უფლება) (დაახლოებით 154 მლნ აშშ დოლარი) მოცულობის კრედიტირების სამწლიანი პროგრამა საკრედიტო ხაზის (Stand by Arrangement) სახით მოიწონა. პირველი ტრანში, რომელიც დაუყოვნებილივ გამოიყო, 62 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. პროგრამა მიმართულია მაკროეკონომიკური რისკების შემცირებაზე, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და ეკონომიკის მდგრადობაზე გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.
2014 წლის დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების სამწლიანი პროგრამის შესახებ პირველი მიმოხილვა დაასრულა. მიმოხილვის დასრულებამ საქართველოსთვის 40 მლნ SDR-ის (დაახლოებით 58,1 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის საკრედიტო ხაზის მეორე ტრანშის SBA (Stand by Arrangement) გადაცემის საშუალება მისცა, რის შედეგადაც წარმოდგენილი სახსრების საერთო რაოდენობამ 80 მლნ SDR (დაახლოებით 116,3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.