ანდრო ჟორდანია-ქართული ფეხბურთის ფიქრის სიმბოლო

© ეროვნული არქივიანდრო ჟორდანია ქართველ ფეხბურთელებთან ერთად
ანდრო ჟორდანია ქართველ ფეხბურთელებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა

 თამაზ ჩიქვანაია

 ქართულ ფეხბურთში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, ვინ არის ანდრო ჟორდანია– ყველა გიპასუხებთ, რომ ის ცნობილი მწვრთნელი და ბევრი ქართველი ვარსკვლავის გზაზე დამყენებელი და დამკვალიანებელი გახლდათ; მის სახელს ატარებს თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო ბაზა დიღომში. ძნელი სათქმელია, მოხვდებოდნენ თუ არა დიდ ფეხბურთში მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი, მურთაზ ხურცილავა, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა, ილია დათუნაშვილი და ბევრი სხვა, რომ არა ამ დიდებული მწვრთნელისა და პედაგოგის შეუდარებელი ალღო.

 ანდრო ჟორდანიას მიღწევებზე საუბარს არ შევუდგები, მინდა ცოტა სხვა კუთხით დაგანახოთ იგი და ისეთი დეტალები გავიხსენო, რაც ბევრმა, შესაძლოა, არ იცის.

 ანდრო ჟორდანია გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ალალი ძმისშვილი. მენშევიკურ მთვრობასთან ერთად, საქართველოდან ისიც უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ 16 წლის ბიჭი თავის დასთან ნინასთან ერთად გემიდან გამოიპარა, საქართველოსთვის არაფერი დამიშავებია და გასაქცევიც არაფერი მჭირსო. ბიძასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, მაგრამ სახელმწიფო რეპრესიულ მანქანას მაინც ვერ გადაურჩა. იყო დაპატიმრებული, გადასახლებული, მეორე მსოფლიო ომმა ციხეში მოუსწრო. გადაურჩა დახვრეტას, მისი დის, ნინას შვილიშვილი, შოთა  ფაღავა ამ ამბავს ასე ხსნის: ანდროს დაეხმარა ცნობილი კაცისმკვლელი, ბერიას მარჯვენა ხელი, ბახჩო ქობულოვი, ძნელია იმის თქმა რამ მოულბო გული ამ დაუნდობელ კაცს, მაგრამ ასე უთქვამს: ჩემი ხელიდან შენი სიკვდილი არ იქნებაო და ის თურმე ივანოვოში გადაასახლა.

 1939 წელს მაინც დაიჭირეს, ომის დაწყებისთანავე წერილი დაუწერია და ფრონტზე გაგზავნა უთხოვია, —მისთვის ეს გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. საჯარიმო ბატალიონში გაამწესეს და მოსკოვისთვის ბრძოლების დროს წინა ხაზზე გაუშვეს. 400 კაცს 4 თოფი ჰქონდა და ბრძანება მიიღეს გერმანელთა სანგრებამდე მიეღწიათ; უკან „ნკვდ“-ს სპეცრაზმი მიჰყვებოდათ, სულ რამდენიმე ადამიანი გადარჩა. მონაწილეობდა სტალინგრადისა და კურსკის ბრძოლებში. მძიმედ დაჭრილი გააკომისიეს. მისი ცნობილი გამოთქმა „დიავოლ“ ფრონტიდან მოჰყვებოდა, ფაშისტებს და კომუნისტებს ერთნაირად აგინებდა. სადაც იმუშავა მწვრთნელად ყველგან წარმატებას მიაღწია და მაშინვე „მადლობის“ ნიშნად თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ. 1953 წელს მის „დინამოს“ აშკარად წაართვეს ოქროს მედლები, მაშინ ბერიას პირით სტალინს შემოუთვლია: რუსეთის იმპერიაში თქვენთვის მეორე ადგილიც ზედმეტიაო.

 1967 წელს თბილისში, პარიზის საბალეტო დასთან ერთად ჩამოვიდა პრიმა-ბალერინა ეთერ ფაღავა, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი. მას ძალიან უნდოდა საქართველოში დარჩენილი ნათესავების გაცნობა, მაგრამ ანდრო ჟორდანიას ამის უფლება არ მისცეს და სასწრაფო წესით თბილისის დატოვება უბრძანეს. მიუხედავად აუტანელი დევნა-შევიწროებისა, არავის საყვედურობდა და საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურებოდა, იქნებოდა ეს უმაღლესი ლიგის გუნდი, თუ საქართველოს პირველობაზე მოთამაშე კოლმეურნეთა ნაკრები.

 რომან მიმინოშვილმა ანდრო ჟორდანიას მოგონებებზე დაწერა წიგნი „ფიქრი ქართულ ფეხბურთზე“, რომელიც დღესაც ჩინებული სახელმძღვანელოა ფეხბურთის მწვრთნელებისთვის. სამი ათეული წლის შემდეგ, გენიალურმა ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა თავის წიგნში ერთი-ერთში გაიმეორა ბატონი ანდროს მოსაზრებები ფეხბურთელთა ინდივიდუალიზმსა და უნივერსალიზმზე. აქ ერთ ფრაგმენტს მოვიტან წიგნიდან:

 „ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ფეხბურთი მოგონილია მხოლოდ ღონიერი და მარდი ჭაბუკებისთვის. ფეხბურთს ინტელექტიც სჭირდება. იგი არის არა მარტო კუნთებისა და ნერვების, არამედ გონების შეჯიბრებაც. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მაღალი კლასის ფეხბურთელს, რომელსაც გონება არ აძლევდეს საშუალებას საკუთარი ნიჭი სხვა საქმეშიც გამოამჟღავნოს“.

 ანდრო ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს თბილისში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, მისი სახელი და ქვეყნისთვის გაღებული ღვაწლი გაცილებით მეტ დაფასებასა და სიყვარულს იმსახურებდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0