თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობა ნავთობს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ (ISIS) ყიდულობს.
„დღეს რეგიონში ყველა ტერორისტული ორგანიზაცია, ირიბად თუ პირდაპირ, ასადის რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. ასადის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“. ამჟამად ასადი „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის ყიდვა–გაყიდვით არის დაკავებული. ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო. ეს ცხადად ჩანს“, — განაცხადა ერდოღანმა ხუთშაბათს სტამბოლში ენერგეტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე ატლანტიკური საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ასადის მთავრობა სახელმწიფო ტერორის პოლიტიკას ატარებს.
„აუცილებელია, ნათლად გავიაზროთ ადამიანური ტრაგედიებისა და ტერორისტული საქმიანობის მთავარი მიზეზები, რომლებსაც ჩვენი რეგიონი წააწყდა. დღევანდელ ჰუმანიტარულ კატასტროფასა და ტერორისტულ შეტევებში მთავარი დამნაშავე ბაშარ ასადის რეჟიმია, რომელმაც 380 ათასი საკუთარი მოქალაქე გაანადგურა. ეს სულები, ადამიანები არიან და არა მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები. ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რა ხასიათის გზავნილს შეიძლება შეიცავდეს სირიელი ხალხისა და მთელი კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ მიმდინარე დავას იმის თაობაზე, უნდა გადადგეს თუ არა ასადი“, — მიიჩნევს ერდოღანი.
მანამდე ასადმა განაცხადა, რომ თურქეთის ქმედებები სირიის კრიზისში ყველაზე საშიშ როლს ასრულებს, რადგანაც ის ტერორისტებს უჭერს მხარს. მისი განცხადებით, „ისლამური სახელმწიფო“ ნავთობს თურქეთზე ყიდის.