თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოთხშაბათს, ფილიპინებზე გამართულ აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე განაცხადა, რომ სირიაში ვითარების პოლიტიკური მოგვარების გარეშე რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება შეუძლებელია, რასაც შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
ობამას განცხადებით, ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, თუ სირიის ხელისუფლების სათავეში ბაშარ ასადი დარჩება.
სირიის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა ვენაში შაბათს გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ რუსეთის, აშშ–ის, გაეროს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, ირანის წარმომადგენლები და სხვა რეგიონული მოთამაშეები, ასევე ევროკავშირის, არაბული სახელმწიფოების ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები. სირიის საკითხებზე ვენაში გამართული მეორე შეხვედრა კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრის გზების ძიებას მიეძღვნა.
საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა ვენაში გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები მომავალი წლის 1 იანვრამდე უნდა გაიმართოს, ხოლო 18 თვის განმავლობაში რესპუბლიკაში ახალი კონსტიტუციით არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მანილაში (ფილიპინები)17–19 ნოემბერს აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის სახელმწიფოთა ლიდერებისა და მთავრობების მეთაურთა 23–ე შეხვედრაში მიმდინარეობს. სამიტზე დისკუსიების ძირითადი თემები რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებასა და ყოვლისმომცველი განვითარების უზრუნველყოფაზე იქნება ფოკუსირებული. სამიტის შედეგებით მიიღებენ აზია–წყნარი ოკეანის ალიანსის ეკონომიკების ლიდერთა დეკლარაციას, რომელშიც თანამშრომლობის სფეროებში განვითარებისთვის შეთანხმებული მიდგომები აისახება.