სპეცოპერაცია სენ–დენიში: სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია, ერთი მიიმალა

გამოწერა
პარიზის ერთ–ერთ გარეუბანში 13 ნოემბრის ტერაქტებში სავარაუდო მონაწილეების გამოვლენისა და ლიკვიდაციის მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფები და სამხედროები თბილისის დროით დილის 7:30 საათიდან ატარებენ ანტიტერორისტულ ოპერაციას პარიზის გარეუბან სენ–დენიში. ლიკვიდირებულია სამი ტერორისტი, რომლებიც 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილეობდნენ.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის კრისტიან ტობირის განცხადებით, ოპერაცია დასრულების სტადიაშია.

ოპერატიული მონაცემებით

სამი ტერორისტის ლიკვიდაციის თაობაზე იუწყება ტელეარხი iTele პოლიციაში ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

„წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ექვსი ტერორისტი იმყოფებოდა. სამი ოპერაციისას დააკავეს. ერთი სნაიპერის გასროლის შედეგად დაიღუპა. ქალმა შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი. ბოლო მონაცემებით, კიდევ ერთი ტერორისტია მოკლული“, — იუწყება ტელეარხი.

სააგენტო „ფრანს პრესი“ კი პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სპეცოპერაციისას ხუთი ადამიანია დაკავებული. პროკურატურამ დაადასტურა თვითმკვლელი ტერორისტის ლიკვიდაციის ფაქტი.

თუმცა, რადიოსადგური RTL  პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ერთმა ეჭვმიტანილმა მიმალვა შეძლო.

ხედი თვითმფრინავის ილუმინატორიდან - Sputnik საქართველო
Air France–ს ორმა ლაინერმა აფეთქების საფრთხის გამო კურსი შეცვალა

კიდევ რა არის ცნობილი

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი პოლიციელი, განუცხადა სააგენტო „ასოშიეითედ პრესს“ ანონიმურმა წყარომ პოლიციაში. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

მედიის ცნობით, ოპერაციის ერთ–ერთი უმთავრესი სამიზნე აბდელჰამიდ აბაუდი გახლავთ, რომელმაც პარიზის ტერაქტები დაგეგმა. 

და რაო ხელისუფლებამ?

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სენ–დენის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ მანუელ ვალსთან და შს მინისტრ ბერნარ კაზნევთან ექსტრემალურ თათბირს ატარებს.

საფრანგეთის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ტერორისტების აყვანის სპეცოპერაციის გამო სენ–დენის სასწავლო დაწესებულებების უმეტესობა დაკეტილია.

პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0