თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. როგორც პარიზის თეატრ „ბატლაკანში“ მძევლად აყვანილმა ერთ–ერთმა ფრანგმა მამაკაცმა, რომლის სახელიცაა სებასტიანი, განაცხადა, ტერორისტები ამბობდნენ, რომ თავდასხმისკენ მათ სირიის დაბომბვამ უბიძგა, — იუწყება სამშაბათს რადიოსადგური RTL.
„ისინი ქადაგებდნენ, ამბობდნენ, რატომაც აკეთებდნენ ყოველივე ამას. მათ აგვიხსნეს, რომ ამისკენ სირიისთვის დაშენილმა ბომბებმა უბიძგეს. მათ აგონიაში მყოფი დაჭრილებით სავსე დარბაზში შეგვიყვანეს და გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ ომის დასაწყისია. ამბობდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედებდნენ“, — განაცხადა სებასტიანმა რადიოს ეთერში.
მან დასძინა, რომ ტერორისტები მძევლებს ეკითხებოდნენ, ეთანხმებიან თუ არა ისინი მათ ქმედებებს. „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი სიჩუმე ჩამოწვებოდა იმ მომენტში?“ — თქვა ყოფილმა მძევალმა.
ტერორისტებს სებასტიანისთვის ფულის შეკვრა გაუწვდიათ და უკითხავთ, ჰქონდა თუ არა სანთებელა. ეს იმისთვის, „რომ გაეგოთ, რამდენად ფასეულია ჩემთვის ფული“. სებასტიანის თქმით, თავს სერჟ გენსბურგად გრძნობდა, რომელმაც მსხვილი კუპიურა მაღალი გადასახადების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად კამერის წინ დაწვა, „ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ ამის გაკეთება მაიძულეს“.
პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.