თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საელჩომ საფრანგეთში დაასახელა საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ამ დრეებში საფრანგეთში იმყოფებიან, სადაც წუხელ ტერორისტული აქტების სერია მოხდა.
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდნენ საელჩოს ტელეფონზე + 33(0) 783318689.
საელჩომ ასევე გაავრცელა გაფრთხილება პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისადმი. მოუწოდა მათ არ ჩავარდნენ პანიკაში და უახლოესი დღეების მანძილზე, შესაძლებლობის ფარგლებში მოერიდონ ქალაქში სიარულს.
„13 ნოემბერს, პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებტან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამოქმედებულია უსაფრთხოების უმაღლესი გეგმა, რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა. შესაბამისად მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში და სასტუმროებში. გთხოვთ ნუ მოექცევით პანიკის ზეგავლენის ქვეშ“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საფრანგეთში საქართველოს საელჩოში, ტერაქტის შედეგად დაშავებული ან დაღუპული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შესულა, — ამის შესახებ საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ განაცხადა.
"დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა. ბუნებრივია, სამართალდამცველებს ჯერ არ აქვთ ყველა დაღუპული ადამიანის სახელი და გვარი. ამის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ დღეს დადგინდება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის ჩვენი მოქალაქეები არ იქნებიან", — განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
რაც შეეხება საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ცხელი ხაზის ნომერს, ელჩის განმარტებით, ძირითადად შეშინებული ადამიანები რეკავენ.
"ძირითადად შეშინებული და დაბნეული მოქალაქეები რეკავენ. ბევრი არა, მხოლოდ რამდენიმე ზარი განხორციელდება. მათგან ერთ-ორს აინტერესებდა საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ანუ შეძლებდნენ თუ არა უკან დაბრუნებას", — აღნიშნა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა.
პარიზის შვიდ რაიონში ფაქტიურად ერთდროულად პარასკევს საღამოს ტერორისტული აქტები მოხდა, რომლის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით 150-მდე ადამიანია დაღუპული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მტელი ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმი შემოიღო და საზღვრები ჩაკეტა.