თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, წელს პირველად მანდარინი ბათუმის პორტიდან ნოვოროსისკით რუსულ ბაზარზე გავა. გემი სახელწოდებით „მეგობრობა“ შავი ზღვის ბათუმის აკვატორიიდან ნოვოროსისკის პორტის მიმართულებით კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ივლის, იუწყება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ამ და სხვა საკითხებზე აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების, ტარით უზრუნველყოფისა და ციტრუსის ექსპორტირების საკითხები.
ციტრუსის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო. ამ საწარმოებში პროდუქცია შეიფუთება პლასტმასის, მუყაოსა და ხის მასალაში და ექსპორტირებისთვის მომზადდება.
ამ სეზონზე ასევე იგეგმება რამდენიმე საწარმოს გახსნაც, სადაც ციტრუსის პარაფინირება მოხდება. ამ სახით ციტრუსის დამუშავება პროდუქტის მინიმუმ ერთი თვით შენახვის საშუალებას იძლევა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ქართულ ციტრუსზე მოთხოვნაა უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე და ოპერატიული მონაცემებით, ექსპორტზე, სავარაუდოდ, 35 ათას ტონამდე ციტრუსი გავა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2014 წელს სულ წარმოებული იყო 76,2 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 2013 წელთან შედარებით (110,4 ათასი ტონა), 31%–ით ნაკლებია.