თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირი მოუწოდებს კავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს ორშაბათს, შუადღისას, წუთიერი დუმილით მიაგონ პატივი პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და კვლავ აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს საფრანგეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ნათქვამია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროპული ინსტიტუტების მეთაურთა საერთო განცხადებაში.
„ევროპულ დონეზე გაკეთდება ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საფრანგეთის უსაფრთხოება. ყველა აუცილებელ ზომებს მივმართავთ რათა დავამარცხოთ ექსტრემიზმი, ტერორიზმი და სიძულვილი“, — ნათქვამია უპრეცედენტო განცხადებაში.
ლიდერები გამოხატავენ სოლიდარობას საფრანგეთის და მისი ხალხის მიმართ და აცხადებენ, რომ ემახსოვრებათ 2015 წლის 13 ნოემბერი, როგორც ევროპის გლოვის დღე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელს შემოგვიერთდნენ და წუთიერი დუმილით აღნიშნონ დაღუპულთა ხსოვნა ორშაბათს, 16 ნოემბერს, შუადღისას“, — აღნიშნულია კომუნიკეში.
13 ნოემბერს, საღამოს, პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 129 ადამიანი.
საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმი შემოიღო და საზღვრები დაკეტა. ფრანსუა ოლანდმა ტერაქტებში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.