თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში, პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ვერ უკავშირდება ორ ქართველ ტურისტს.
„ოჯახები ვერ დაუკავშირდნენ ხუთ საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც პარიზში ტურისტებად ჩამოვიდნენ, მაგრამ სამ მათგანთან დაკავშირება შევძელით, ორს კი ამ დრომდე ვეძებთ. ინფორმაცია მათ შესახებ არ არის არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საავადმყოფოებში, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონემ.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, იმ საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლებიც პარიზში ცხოვრობენ, არც ერთი დაღუპული და დაშავებული არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის გააცხადებით, პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, საქართველომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები, მათ შორის საზღვარზე და აეროპორტებში.
13 ნოემბერს, საღამოს, პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 129 ადამიანი.