თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით არ დაუჭირა მხარი შესწორებებს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს პრემიების გაცემის შეზღუდვას მაღალი თანამდებობის პირებისათვის.
148 დეპუტატიდან, კანონპროექტის მიღებას მხარი სულ 44-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიც აღმოჩნდა.
„თეორიულად პრემიების შეზღუდვა მართლაც შესაძლებელია, მაგრამ თანამდებობის პირები თანხას ხელფასზე დანამატის სახით მიიღებენ. ჩვენ არ მივიღებთ პრემიებს, მაგრამ მივიღებთ დანამატებს. დიახ, ჩვენ დაბალი ხელფასები გვაქვს, მაგრამ ამის რეაბილიტირება დანამატის სახით შეიძლება. ასეა თითქმის ყველგან“, — თქვა პლენარულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახნიაშვილმა.
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია გატარდეს რეფორმა და საკითხი კომპლექსური მიდგომით გადაწყდეს.
ცვლილებები კანონში 25 მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის პირისათვის პრემიების გაცემის შეზღუდვას ითვალისწინებს. მათ შორის არიან პარლამენტის წევრები, მინისტრები, სახელმწიფო მინისტრები და მათი მოადგილეები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
კანონპროექტის მიზანია — შეიზღუდოს პრემიების გაცემა და მოცემული საბიუჯეტო ხარჯები სხვა მიმართულებით იქნას გამოყენებული, რაც საქართველოს მთავრობის მიერ სახალხოდ გაცხადებული „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ მხარდაჭერა იქნება.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია.