თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი განიხილა, რომელიც მთავრობის წევრებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მთავრობას წარედგინა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 120 მლნ ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების გეგმის გაზრდას.
„ამავე დროს, 185 მლნ ლარით (77,1 მლნ აშშ დოლარი) მცირდება სესხება შიდა ბაზარზე. დაახლოებით 100 მლნ ლარით (42 მლნ აშშ დოლარი) შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მლნ ლარით (40 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება“, — განაცხადა ხადურმა.
მისი სიტყვებით, ასევე გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მლნ ლარით (1,7 მლნ აშშ დოლარი), ამავე დროს, აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს.
გარდა ამისა, 77 მლნ ლარით (32,1 მლნ აშშ დოლარი) შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, აღნიშნა ხადურმა.
მთავრობამ დაამტკიცა წარმოდგენილი პროექტი და დოკუმენტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების მოცულობა 2015 წლისათვის 9,57 მლრდ ლარზე (დაახლოებით 4 მლრდ დოლარი) იგეგმება, საიდანაც 8, 780 მლრდ ლარი (დაახლოებით 3,7 მლრდ აშშ დოლარი) —საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 790 მლნ ლარი (329 მლნ აშშ დოლარი) — დონორული დაფინანსება.