თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 17 ივლისს 87 ხმით 18-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამის შესახებ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იტყობინება.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების მოცულობა 2015 წლისათვის 7.951 მილიარდ ლარზე (3.6 მილიარდ დოლარზე მეტი) იგეგმება, საიდანაც 7 851 მილიარდი —საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 99,92 მილიონი ლარი — დონორული დაფინანსება.
2015 წლის ბიუჯეტის ხარჯების საერთო მოცულობა დაგეგმილია 8,017 მილიარდი ლარის დონეზე.
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ორი მიზეზითაა განპირობებული. კერძოდ, რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციით, რაც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს ნაცვლად 5%-ისა 2% იქნება. გარდა ამისა, თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის თანხების მოძიების აუცილებლობით.
2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საგადასახადო შემოსავლების გეგმა 200 მილიონი ლარით მცირდება. ამავე დროს იზრდება სხვა წყაროებიდან შემოსული სახსრები. კერძოდ, დონორებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, 40 მილიონით გაიზრდება საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები, ხოლო კრედიტები184 მილიონი ლარით გაიზრდება. სულ დამატებით 224 მილიონი ლარი შემოვა.
დამატებით მობილიზებული იქნება მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენიდან მიღებული სახსრები 150 მილიონი ლარის ოდენობით; 20 მილიონი ლარით გაიზრდება სხვა შემოსავლები; აღებული სახაზინო ვალდებულებები (შიდა ვალი) 100 მილიონი ლარით შემცირდება. ასევე ბიუჯეტის დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, 67 მილიონი ლარით შემცირდება რესურსები, რომელიც კონკრეტული პროექტების დაფინანსებისათვის იყო გამოყოფილი.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საბიუჯეტო სემოსავლები არსებულ გეგმასთან შედარებით დაახლოებით 27 მილიონი ლარით გაიზრდება.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, ბიუჯეტის ცვლილებების თანახმად, 140 მილიონ ლარამდე შემცირდება მხარჯველ უწყებათა ასიგნებანი. მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებანი შემცირდება დაახლოებით 70 მილიონი ლარით, ასევე 70 მილიონი ლარით შემცირდება დონორთა მიერ დაფინანსებული პროექტების ნაწილის ხარჯები. კერძოდ დონორთა მიერ დაფინანსებული ასიგნებანი შეუმცირდება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებს.
შემცირებები არ შეეხება სოციალურ პროექტებს.
მხარჯველი უწყებების ასიგნებებისაგან გამონთავისუფლებული თანხა 85 მილიონი ლარი, ბიუჯეტის მიერ გათვალისწინებულ ფონდებში იქნება მიმართული იმისთვის, რომ დაფინანსდეს სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი ასიგნებანი —53 მილიონი ლარი. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ერთობლიობაში უცვლელი რჩება.
ამასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტის შემოსულობანი 27 მილიონი ლარით მეტი იქნება, აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ანგარიშზე დაგროვდება და 300 მილიონი ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 327 მილიონი ლარი დაგროვდება.