თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებმაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი წარადგინეს.
2 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ გამართულ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მხარდამჭერ სააპროტესტო აქციაზე ნიკა ნარსიამ, მირიან დეისაძემ და კახა გაბუნიამ პარლამენტარ დავით ლორთქიფანიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო ისინი დააკავეს. მოგვიანებით, 5 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
„საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობას და შეურაცხმყოფელ ქმედებებს ნებისმიერი პირის მიმართ. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავთა რეაგირება ამგვარ ფაქტებზე არ უნდა მოხდეს შერჩევითად და ანალოგიური უნდა იყოს იდენტურ შემთხვევებში. — აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
პროკურატურის პოზიცია კვლავ ადასტურებს, რომ ხელისუფლება წინასწარი პატიმრობის ზომას პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის იყენებს, ხაზგასმულია დოკუმენტში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ.
„მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ყურად იღონ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა, შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლის პრაქტიკის გამოყენება, ასევე უარი თქვან ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობის წახალისებაზე, რის მაგალითებიც მრავლად მოიძებნება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრთა გამოსვლებში“, — ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
მიხეილ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებმა პროკურატურას მოუწოდეს, დააყენოს შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებისთვის წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.