თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
„აქ ყველა ერთი მიზნით მოვიდა — დავიცვათ „რუსთავი 2“ იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ არცერთ ხელისუფლებას არ შეუქმნია, ის საზოგადოებამ შექმნა. ეს ის ტელევიზიაა, რომელიც სიტყვის თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე დგას. ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ძალიან ცუდ საქმეში ჩაება და ის აუცილებლად წააგებს ამ ბრძოლას“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.
ირაკლი ალასანიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ.
„მე მოვედი აქ როგორც „თავისუფალი დემოკრატი“ და იმავდროულად, როგორც რიგითი მოქალაქე. ჩემი მოსვლის ძირითადი მიზანი ჟურნალისტებისთვის უპირობო მხარდაჭერის გამოცხადება და ასევე დღეს მიმდინარე პროცესისთვის თვალყურის მიდევნებაა. შემდგომ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, — განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა.
საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობენ არხის თანამშრომლები, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არასამათავრობო ორგანიზაციების წევრები და ხელოვნების მოღვაწეები.