თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქვეყნის ერთგულების ფიცს ქართულ ჯარში მომსახურე უცხოეთის მოქალაქეებიც უნდა დებდნენ. მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერანთა კავშირის“ თავმჯდომარეს ზაალ სიხარულიძეს.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში“ განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
„ასეთი პრეცენტენტი მსოფლიოში არ არსებობს, ყველა სამხედრო ფიცს სდებს. ჯარისკაცისთვის ფიცი უმაღლესი იურიდიული მომენტია, თუ ფიცი არ დადებინე, ვერაფერს ვერ მოსთხოვ“–აღნიშნა ზაალ სიხარულიძემ.
რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სასმსახურის შესაძლო გაუქმებას, ზაალ სიხარულიძე ამ ინიციატივას დადებითად აფასებს.
კანონპროექტი, რომელიც 2016 წლის 1 იანვარს შევა ძალაში, მიზნად ისახავს: სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას; სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის განსაზღვრული ფინანსების პროფესიული სამხედრო სამსახურის განვითარებისკენ მიმართვას; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.
ცვლილებების თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახური საკონტრაქტო, სარეზერვო და საკადრო სამსახურებად დაიყოფა. ამასთან, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა შეეძლება ყველა მსურველს, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს საკადრო სამსახურში გადასვლა შეეძლებათ მას შემდეგ, რაც ისინი სპეციალურ გამოცდებს ჩააბარებენ. სარეზერვო სამსახური არ იქნება სავალდებულო.
ამასთან, საომარი მდგომარეობისას საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, — ნათქვამია კანონპროექტში.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებების ინიციატორია პარლამენტის დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე.
ზაალ სიხარულიძის აზრით, კანონპროექტი უნდა გახდეს ვეტერანთა და ყოფილ სამხედროთა არასამთავრობო ორგანიზაციათა განსჟის საგანი, „თორემ ისეთი ხალხი მუშაობს ამ თემაზე პარლამენტში რომლებსაც არასდროს არ ჰქონიათ შეხება ჯართან“–მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერანთა კავშირის“ თავმჯდომარეს.