თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ჰაუპტვახტის გაუქმება ნატო–ს მოთხოვნა არა ყოფილა. ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბევრ წევრ ქვეყანაში ფუნქციონირებს,- განაცხადა სამხედრო– ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა.
„ჰაუპტვახტის გაუქმება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და მომავალი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური გამოდგება ახალი ინიციატივა წესრიგის დამრღვევი სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დონეზე დასასჯელად“, –აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც უახლოეს მომავალში თავდაცვის უწყება საზოგადოების წინაშე წარდგება- „ჰაუპტვახტების“, ანუ ნაკლებეფექტური ადმინისტრაციული პატიმრობის, გაუქმებაა. თავდაცვის სამინისტრო 6-თვიანი კვლევის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რომელიც განაწესის და დიციპლინის დამრღვევი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ფინანსური სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო მოსამსახურეებს უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება და მოლოდინი, რომ დარღვევებზე სასჯელი სერიოზული იქნება.
„ჯარში არავითარი ადმინისტრაციული პატიმრობა აღარ იარსბებს. „ჰაუპტვახტები“ არ არის ეფექტური სანქცია, ამიტომ, მისი გაუქმების პარალელურად, გამკაცრდება ფინანსური სანქციები იმ გადაცდომებზე, რომლისთვისაც დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენება“, –აღნიშნულია თავდაცვის სამინისიტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ალადაშვილის თქმით,საქართველოს შეიარაღებულიძალები,უმეტესწილად,კონტრაქტით მომსახურე სამხედროებით არის დაკომპლექტებული.
„რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას, ეს მხოლოდ კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს, შეიძლება, შეეხოს, რადგან მათი ხელფასი 1000 ლარიდან იწყება და ამიტომ მათი ამ ფორმით დასჯა შესაძლებელია“, –აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
სამხედრო– ანალიტიკური ჟურნალის რედაქტორის აზრით, ეს ქმედება არაეფექტური იქნება ერთწლიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცებისთვის, რადგან მათი ანაზღაურება თვეში, დაახლოებით, 5 ლარს შეადგენს.