თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დასამტკიცებლად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დასკვნას წარუდგენს, განაცხადა ხუთშაბათს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ოქტომბერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უწყება სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესს შეუდგა, რადგანაც უკრაინული მხრისგან ექსპრეზიდენტის მიერ უკრაინული პასპორტის მიღების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მიიღო. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე პირი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება. თუმცა, ამისთვის ტექნიკური პროცედურებია აუცილებელი, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს
სპეციალურმა სამსახურმა სააკაშვილის მოქალაქეობის შესახებ დასკვნა უნდა მოამზადოს და მისი შეწყვეტის თაობაზე თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს უნდა მიმართოს, ხოლო პრეზიდენტმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს დოკუმენტი.
წულუკიანის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილს ოდესაში გაეგზავნა უწყება იმის თაობაზე, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ.
„აქედან აითვლება ოთხკვირიანი ვადა, რათა, ქართული კანონმდებლობით, მოქალაქემ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოთქვას. დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩვენ უკვე პრეზიდენტს გავუგზავნით დასკვნას მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და სახელმწიფოს მეთაური საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, — განაცხადა წულუკიანმა.
სააკაშვილმა საქართველოს 2013 წლის ნოემბერში, გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ დატოვა. მთავარმა პროკურატურამ მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მოგვიანებით სააკაშვილზე ქვეყნის შიგნით ძებნა გამოცხადდა.