თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ტალინში გამართულ ამხანაგურ მატჩში ესტონელებთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
ცხადაძის ხელში საქართველოს ნაკრებმა ისწავლა და შეიყვარა პირველ ნომრად თამაში. ტალინში გამართული მატჩის პირველი წუთები არაფრით განსხვავდებოდა გერმანიის, ირლანდიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ნათამაშები მატჩებისგან. ქართველებმა ესტონელებს საკუთარი თამაში მოახვიეს თავს და ისეთი შთაბეჭდილება დატოვეს, რომ გოლი მხოლოდ დროის ამბავი იყო.
მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. ბალტიისპირელებმა მოინდომეს, თამაში საკუთარი კარიდან მოშორებით გადაწიეს და 15 წუთის შემდეგ თავად გადავიდნენ შეტევაზე. ესტონელებმა ეს ქართველების ცენტრში შეუთამაშებლობისა და ანანიძისა და ოქრიაშვილის არყოფნის გამო მოახერხეს. მათ ლორიას კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და რომ არა მეკარისა და დაცვის საიმედო თამაში, რომ აღარაფერი ვთქვათ მასპინძელთა მხრივ უზუსტობაზე, ესტონელები პირველსავე ტაიმში გახსნიდნენ ანგარიშს.
როგორც ამბობენ, მოსახდენი მაინც მოხდება. მეორე ტაიმში მინდორზე ქართველების სავსებით სხვა გუნდი გამოვიდა, თითქოს ფეხბურთელებს შესვენებისას
ფეხებზე უმძიმესი გირები დაჰკიდეს, რაც მათ მოძრაობაში ხელს უშლიდა. მცველებმა პოზიციური შეცდომების ხშირი დაშვება დაიწყეს, რითაც მეტოქეს ლორიას კარის ახლოდან დაცხრილვის საშუალება მისცეს. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ ესტონელებმა ხუთ წუთში ორი გოლი გაიტანეს. მე–60 წუთზე ატს პიურე გამოირჩა, ხოლო 65–ზე — არტურ პიკი. “
ესტონურმა დუპლეტმა ვერ გამოაფხიზლა ცხადაძის გუნდი, სურათი არ შეცვლილა. უფრო მეტიც, მატჩის ბოლოს მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გამოატანინეს ლორიას კარიდან ბურთი. მესამე გოლის ავტორი მაქსიმ გუსევი გახდა, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა.
„ბოდიში მინდა მოვუხადო გულშემატკივრებს ასეთი თამაშისთვის. ესტონელებმა ხილულად გვანახეს, რომ გუნდი, იმისდა მიუხედავად, ოფიციალურია მატჩი თუ ამხანაგური, მინდორზე მაინც საბრძოლო განწყობით უნდა გავიდეს“, — თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მატჩის შემდეგ.
შეძლებს თუ არა ცხადაძე ოთხ დღეში შეცდომებზე ხარისხიანად მუშაობას, ეს მალე გახდება ცნობილი. 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელოდება, ამჯერად ტირანაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო (5-2-2-1):
ლორია — კაკაბაძე, გრიგალავა (68 ჰუფნაგელი), კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (68 ფოფხაძე) — კანკავა, ცინცაძე (72 დაუშვილი) — კობახიძე (46 ჭანტურია), ყაზაიშვილი (78 ბეგლარიშვილი) — ვაწაძე (46 ცხადაძე).