თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისი რეზიდენციიდან გამოსახლებისათვის სამართლებრივი გზა არსებობს, თქვა დეპუტატმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თამაზ მეჭიაურმა ოთხშაბათს, 11 ნოემბერს.
საქართველოს ახალი ხელისუფლება და თავად მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევამდე, საუბრობდნენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ პრეზიდენტის სასახლეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდნენ, ხოლო პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია, ათონელის ქუჩაზე განთავსდებოდა. მოგვიანებით მარგველაშვილმა გადაწყვიტა უარი არ ეთქვა ავლაბრის რეზიდენციაზე.
,,პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი გზა. ყველას აქვს განსაზღვრული თავისი სამუშაო ადგილი. როგორც განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, ის იქნება პრეზიდენტის სამუშაო ადგილი. მას თვითონვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის იქ არ აპირებდა მუშაობას და ძალიან კარგად ეტეოდა იქ, სადაც იყო განსაზღვრული. მარგველაშვილზე გაცილებით წარმატებული და დიდი ქვეყნების პრეზიდენტები მუშაოებენ მაგის მეათედ ფართობზე. გადახედოს რომელს აქვს ასეთი პომპეზური შენობები. თეთრ სახლზე დიდია კინაღამ", — განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ დაეტოვებინა ავლაბრის სასახლე, მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა რომ მარგველაშვილი დატოვებდა ავლაბრის სასახლეს და ათონელზე გადავიდოდა.