თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სასამართლო გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებების შესახებ, საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, თვლის ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება სასამართლო განხილვა. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ამტკიცებს, რომ 2006 წელს სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მაშინდელი მთავრობის ზეწოლის შედეგად დათმო „რუსთავი 2“-ის წილი სახელმწიფოს სასარგებლოდ. თბილისის საქალაქო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიის 60%-იანი წილის ქიბარ ხალვაშისათვის, ხოლო 40% მისი კომპანია „პანორამასთვის“ გადაცემის შესახებ. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვერდიქტი დაუყოვნებლივ არ აღსრულდება.
პარასკევს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა ტელეკომპანიის დროებითი მმართველი. კერძოდ მმართველობა უნდა გადავიდეს ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის დავით დვალისა და ჟურნალ Forbes Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორისა და ტელეკომპანია „იმედის“ ექს-დირექტორის რევაზ საყევარიშვილის ხელში.
"სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს "ნიუსრუმებში" და არა სასამართლო დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა, გავლენა მოახდინოს მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე, წარმოადგენს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საფუძვლების დარღვევას. მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას სრულად სცეს პატივი "რუსთავის 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებას", — ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.