თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს შეხვდა. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ვიზიტისათვის, ასევე იმ საქველმოქმედი საქმიანობისათვის, რასაც აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ საქართველოში ახორციელებს.
აზერბაიჯანის დელეგაცია პრეზიდენტ ილხამ ალიევის მეთაურობით, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 5 ნოემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის მსვლელობისას უკვე შედგა შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. ალიევი ასევე ეწვია მარნეულის რაიონს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობა.
„წმინდა სინოდის სახელით მადლობას გიხდით ვიზიტისათვის. უნდა ითქვას რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობა სამაგალითოა სხვებისათვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ საქართველოში. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ დარღვეულია როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. იმედი გვაქვს რომ ამ ქვეყნების მთლიანობა აღსდგება“, — განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარასკევს, 6 ნოემბერს.
შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს საქართველოში აზერბაიჯანელებისა და აზერბაიჯანში ქართველთა ცხოვრების საკითხები. აღინიშნა რომ მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარ პირობებში ცხოვრების უფლება.
თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა რელიგიური დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის.
„რელიგიური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის ეხლა ისე გვჭირდება როგორც არასდროს. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის მაგალითით, ჩვენ ვაჩვენებთ რომ ამ საუკუნეში შესაძლებელია, რომ ყველა რელიგიური შეხედულების ადამიანმა მშვიდად იცხოვროს ერთ ქვეყანაში… მე ხშირად ვარ აზერბაიჯანის იმ ნაწილში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, მათთან მე ჩვენს წარსულსა და საერთო მომავალზე ვსაუბრობ“, — აღნიშნა ალიევმა.