თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ (Dalia Grybauskaitė) ვილნიუსში შეხვედრისას ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზ ისაუბრეს, — იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხი და ასევე ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების პროცესი.
„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო ბრუნვის ზრდა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამ კონტექსტში მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველო–ლიტვის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის როლი, რომლის პირველი სხდომა ხუთშაბათს გაიმართა ვილნიუსში.
ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საქარტველოს პრემიერ–მინისტრი ლიტვაში 4 ნოემბერს გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით, სადაც უკვე შეხვდა ლიტველ კოლეგა ალგირდას ბუტკევიჩიუსსა (Algirdas Butkevicius) და სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინენეს (Loreta Graužinienė).