თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ლიტვის პრემიერი ალგირდას ბუტკევიჩიუსი (Algirdas Butkevičius) იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს, იუწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის პრესსამსახური ოთხშაბათს, 4 ნოემბერს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2016 წლის დასაწყისისთვის არაერთხელ გამოთქვეს იმედი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ.
„ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება“, — ბუტკევიჩიუსმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ვილნიუსში.
ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულება და ამ მიმართულებით ევროკავშირის პოზიტიური დასკვნის იმედი გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ვისაუბრეთ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში — აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის (VLAP) სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. ევროკომისიის რიგით მეოთხე მოხსენება 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება.