თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს სათავეში ჩაუდგეს უკრაინის მთავრობას.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ელექტრონული პეტიცია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ–მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით. აღნიშნულმა პეტიციამ ხმათა საჭირო რაოდენობა მოაგროვა, რის საფუძველზეც პეტრე პოროშენკომ პეტიცია განიხილა. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილი საუკეთესო პრემიერი იქნებოდა…საქართველოსთვის. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი ნიშნავს.
„მსურს მონაწილეობა მივიღო დიდ რეფორმებსა და ცვლილებებში, მე შემიძლია ამის გაკეთება… მსურს რეფორმების მედროშე ვიყო“, — განაცხადა სააკაშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში.
მისი სიტყვებით, ადმინისტრაციულ ოლქში მუშაობა ეს ის არ არის, რაზეც მას უოცნებია. გარდა ამისა, მას მართებულდ არ მიაჩნია პრემიერ-მინისტრის პარტია რომ არ იღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც ეს მოქმედი პრემიერის, არსენი იაცენიუკის პარტია „სახალხო ფრონტის“ შემთხვევაში მოხდა.
„თუ თქვენ არ გსურთ საკუთარი პოპულარობის ხარისხის გამოცდა, ვფიქრობ, რეფორმების განხორციელებისთვის მანდატი უკვე გაქვთ“, — ციტირებს სააკაშვილის სიტყვებს გამოცემა.
მანამდე სააკაშვილმა იაცენიუკი არაერთხელ გააკრიტიკა. ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იაცენიუკი ოლიგარქების, კერძოდ, რინატ ახმეტოვისა და იგორ კოლომოისკის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. უკრაინის პრემიერმა კი სააკაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.