თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ის მეწარმე სუბიექტები, რომელთა საქმიანობა უცხოეთში შრომით მიგრაციასთანაა დაკავშირებული, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურში რეგისტრაციას გაივლიან, — იუწყება საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონებში „შრომითი მიგრაციის შესახებ“, „მეწარმეობის შესახებ“ და „საჯაო რეესტრის შესახებ“, 1 ნოემბერს ამოქმედდა.
კანონი დაარეგულირებს უცხოეთში სამუშაოდ წასვლის პროცესს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმებული მოქალაქე დაცული იქნება რისკებისგან.
კანონი ასევე დაარეგულირებს უცხოელების დასაქმებას საქართველოში, შეამცირებს უცხოეთიდან არაკვალიფიციური მუშახელის შემოდინების რისკს და დაიცავს ადგილობრივი პერსონალის უფლებებს საქართველოს დასაქმების ბაზარზე.
შრომითი მიგრაციის სფეროს მოწესრიგება — ეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაა.
ახალი რეგულაციების თანახმად, ის მეწარმე სუბიექტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებას ან დასაქმებაში დახმარებას პირდებიან, ვალდებულები არიან საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიუთითონ საკუთარი მოღვაწეობის სფერო.
იმ კომპანიებმა, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით, უნდა მიმართონ სააგენტოს 2016 წლის 1 მაისამდე და დააფიქსირონ მოღვაწეობის სფერო სამეწარმეო რეესტრში. იგივე ვალდებულება ეკისრებათ საზღვარგარეთული საწარმოების ფილიალებსაც, რომლებიც უცხოელებს საქართველოში დასაქმებას სთავაზობენ.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას: დაურეგისტრირებლად საქმიანობა პირველ ჯერზე ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1 ათასი ლარით.