თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აშშ თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯომ კირბიმ ხუთშაბათს, 5 ნოემბერს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საკითხს და მომავალშიც ყველა შემდგომ სააპელაციო პროცესს მივაქცევთ ყურადღებას“, — განაცხადა კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი სიტყვებით, აღნიშნული თემა ამ დღეებში ვაშინგტონში გამართული სტრატეგიული პარტნიორობის ქართულ-ამერიკული კომისიის სხდომაზე წამოიჭრა. კირბის განმარტებით, ეს საკითხი „მუდმივად იქნება განხილვის თემა“, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია“.
3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანიას — შპს „პანორამას“ (40%) ტელეკომპანიის წილები გადასცა. თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდება.